ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოთხი ადმინისტრაციული ერთეულის _ ჩოჩხათის, ნინოშვილის, ნიგვზიანისა და ჯურუყვეთის მოსახლეობის მხრიდან ხშირად ისმის კითხვა, თუ როდის შეძლებენ ბუნებრივი აირით სარგებლობას.
“გაზი როდის ექნება მოსახლეობას? სირცხვილია, მართლა! რომელი საუკუნეა, გაზი რომ არ იქნება. პალეოლითის ხანიდან გამოვედით დიდი ხანია…
ახლა ენეოლითში ვართ მაშინ და ნეოლითიც დაგვრჩა გასავლელი. მერე ეგებ გვეღირსოს.
ეხ, უკვე აღარ მაქ იმედი, რომ ოდესმე გვექნება გაზი“, _ ამბობს მოსახლეობა, რომელთა სოფლებიც ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
არადა, ამ ადამიანებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია ლანჩხუთის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წლის 17 ნოემბერს გაავრცელა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“2021 წელს დაგეგმილია ნიგვზიანის, ჩოჩხათის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულების ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვა“, _ ეწერა უწყების მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა მერიისა, 2021 წლის შემოდგომაზე ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამაც თქვა, რომ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების სამწლიან გეგმაში საქართველოს მთავრობის 1716 განკარგულებით ცვლილებები შევიდა და რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი:
“საპროექტო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2022 წლიდან განხორციელდება შემდეგ სოფლებში:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელი _ ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ხაჯალია;
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელი _ ჩოჩხათი, გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ხორეთი, ჯიხანჯირი.
ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელი _ ნინოშვილი, ყელა.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელი _ ჯურუყვეთი, ბაღლეფი, ეწერი“.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ზემოთ ნახსენები სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირი ჯერაც არ მიეწოდება და არც იმაზე აქვთ პასუხი, როდის შესრულდება წლების წინ მათთვის მიცემული პირობა.
საგულისხმოა, რომ გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლების საკითხი, მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, იანვარში საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა გოჩა ჯანაშიამ და მუნიციპალიტეტის მერისგან ითხოვა პასუხი კითხვაზე თუ რა ხდება ამ კუთხით და რა და როდის იგეგმება პრობლემის გადასაჭრელად.
მაშინ ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებებთან და თებერვლიდან დაგეგმილია კიდეც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.
“იმ ოთხ თემში, სადაც მოხდა დაქსელვა, მაგრამ არ არის ჩართული,15 თებერვლისთვის ველოდებით წარმომადგენელს, რომლებიც დაიწყებენ დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციას. ეს არის საკმაოდ დიდი მონაკვეთები, მათ შორის ნინოშვილი, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და იქ მთლიან მონაკვეთზე აღებულია გაზიფიცირების დაქსელვა. ასევე, დაქსელვა აღებულია სუფსა–ჩოჩხათის დამაკავშირებელ მონაკვეთზეც. პირველ რიგში მოხდება ამ მონაკვეთების რეაბილიტაცია და აღდგენა. თუმცა, მიდის მუშაობა როგორც “სოკარის” წარმომადგენლებთან, ასევე, ტრანსპორტირების კომპანიასთან, რომ ნიგვზიანისა და ჯურუყვეთის თემებში მოხდეს გაზიფიცირების დაწყება, ჩოჩხათსა და ნინოშვილის თემში კი დააგვიანდება. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს შესაბამის სამსახურებთან ამ თემასთან დაკავშირებით“, _ იყო მაშინ მერის პასუხი.
იქედან გამომდინარე, რომ გაზიფიცირების საკითხი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 16 სოფელში დღემდე პრობლემურია და ამ სოფლების მცხოვრებლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ ისარგებლონ ბუნებრივი აირით, ეს თემა საკრებულოს ბოლო სხდომაზე “ოცნების” გუნდის წევრმა, ჯურუყვეთის მაჟორიტარმა, ალექსანდრე მახათაძემ წამოწია და იკითხა, რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით ნიგვზიანისა და ჯურუყვეთის თემებში.
მერის პასუხით, საკითხთან დაკავშირებით “სოკართან” მსჯელობები მიმდინარეობს.
“ქვეყნის მასშტაბით სულ 66 სოფელშია პრობლემა, აქედან, როგორც მაქვს ინფორმაცია, “სოკარი” თანახმაა 49 სოფელში გადაიბაროს შესრულებული ობიექტები, თუმცა, არ ვიცი, არსებული მდგომარეობით თუ საჭირო რეაბილიტაციის თანხების დამატებით. იცით, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებულია. მიდის მსჯელობა თუ როგორ და რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი“, _ თქვა სარიშვილმა.
ავტორი



































































