ოზურგეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, “ენერგო–პრო ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ არსებული 10 კვ.მ. მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი ახლით ჩაანაცვლა.
ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არ არიან.
“ეს გაკეთებული არ მომწონს. რაც არის გაკეთებული, ხომ ხედავთ, რანაირად არის _ იქ, სადაც მიწა ამოთხარეს და ელექტროგადამცემი ხაზი გაიყვანეს, ასე ვიცოდით, რომ ზემოდან კარგად მოაწესრიგებდნენ, მაგრამ აქ რამდენიმე ადგილას შეიძლება მიწა ჩავარდეს.”
“რა არ ხდება ამ ქუჩაზე? ხან ნაგვის ურნები მიაქვთ და ხან კიდევ რაღაცებს ვითომ აკეთებენ, გაკეთებული კი არაფერია. ახლა რაც შეეხება ჩვენს უბანში დამარხულ კაბელს _ იქ ზოგ ადგილზე აცა–ბაცად გადააგეს ასფალტი“, _ გვითხრეს გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა.
კომპანია “ენერგო–პრო ჯორჯიას” პრესსამსახურში ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთეს:
“სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგა სამუშაოების პროცესში დაზიანებული მონაკვეთები და ტერიტორია დაუბრუნდა სამუშაოების დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას.
კომპანიის ვალდებულება ითვალისწინებს სამუშაოების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის იმ სახით აღდგენას, რა მდგომარეობაშიც ის სამუშაოების დაწყებამდე იყო.
ტერიტორიის სამუშაოებამდე და სამუშაოების დასრულების შემდეგ არსებული მდგომარეობა წარმოდგენილ ფოტოებზეა ასახული“, _ გვწერენ “ენერგო-პრო ჯორჯიადან” და ფოტოებსაც გვიგზავნიან,

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დააგებს ხელისუფლება გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტს, რომელიც მთელ ქუჩაზე თითქმის აღარ არის.
ოზურგეთის მერიის “მომსახურების ცენტრიდან” მიღებული ინფორმაციით მხოლოდ ის გავიგეთ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანაგვე ურნის დადგმა იგეგმება.
ავტორი





























































