“პუბლიკას” ინფორმაციით, კრწანისისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფმა ამ ორი ტერიტორიის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ამ ორ უნიკალურ ტერიტორიასთან დაკავშირებით მდგომარეობა საგანგაშოა.
საორგანიზაციო ჯგუფის თანახმად, სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და დასკვნების საფუძველზე, გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლებსაც პროექტი „Eagle Hills“ წარმოშობს. კერძოდ:
სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მთლიანად პროექტის გაუმჭვირვალობა; მათ შორის, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება;
სახელმწიფო ქონების ეკონომიკურად დაუსაბუთებელი განკარგვა;
კრწანისის ჭალის ტყეებისა და ტყე-პარკის ეკოსისტემების, გონიოში ფრინველთა გადაფრენისა და ბუდობის ადგილების, აგრეთვე „ზურმუხტის ქსელის“ არეალში მშენებლობის წარმოების რისკების შეუსწავლელობა;
ტყე-პარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა დასაფლავების ადგილების შესაძლო დაუცველობა;
პოტენციურ მიგრანტთა ნაკადების საზოგადოებაზე ზემოქმედების შეუსწავლელობა;
შესაძლო კორუფციული ფულადი ნაკადების შემოდინებისა და გათეთრების საფრთხე.
საქართველოზე დიდი მოცულობის შესაძლო საარბიტრაჟო ჯარიმების დაკისრება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფინანსური საფრთხეები და კორუფციული ეჭვები. სრულად დაუდგენელია პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა. ამასთან, „ქართული ოცნება“ და არაბული კომპანია აცხადებენ, რომ უკვე გაყიდულია 300-მდე ბინა იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვაც კი არ არის გაცემული. ეს ფაქტი, პროექტის გასაიდუმლოებასთან ერთად, აღრმავებს კორუფციულ ვარაუდებს.
გვახსოვს „ნამახვანჰესის“ გამოცდილება, როდესაც არაკომპეტენტურად შედგენილმა ხელშეკრულებამ მოსახლეობას მილიარდ ლარამდე ზარალი მიაყენა. ამ ეჭვის გაფანტვა ხელისუფლებასა და ინვესტორს მარტივად შეუძლიათ ხელშეკრულების იმ ნაწილის გასაჯაროებით, რომელიც მხარეთა პასუხისმგებლობებსა და დავის გადაწყვეტის წესებს შეეხება.
არსებობს მეორე ფინანსური საფრთხეც: გონიოს სამშენებლო ტერიტორია შედის მსოფლიოს „ზურმუხტის ქსელში“. მისი განადგურების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლოა დიდი მოცულობის საარბიტრაჟო ჯარიმები დაეკისროს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის განადგურების შემთხვევაში ჩაანაცვლოს იგი, ჩვენს შემთხვევაში კი გონიოს ჩანაცვლება შეუძლებელია, და თეორიულად რომც არსებობდეს ამის საშუალება, ისიც კოლოსალურ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული“,– ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ კომპანია „Eagle Hills“-ს, ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემამდე, მიანიჭა უზუფრუქტის უფლება. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ კომპანიას საკუთრების უფლების გარეშეც შეუძლია 900 ჰექტარ ქართულ მიწაზე სხვადასხვა სამუშაოების წარმოება.
მათივე განცხადებით, მათი ჯგუფი ამუშავებს ყველა სამართლებრივ და ტექნიკურ ბერკეტს, რათა დაიცვან მოქალაქეების ინტერესები როგორც უზუფრუქტის, ისე პროექტის შემდგომ ეტაპებზე.




































































