გაზაფხულის ბუნიობა დადგა. გაზაფხულის ეს პირველი ოფიციალური დღე ასევე აღნიშნავს ასტროლოგიური კალენდრის პირველ დღეს და ცეცხლოვანი ვერძის სეზონის დაწყებას. „ეს სადღესასწაულო შეგრძნებაა, რადგან ასტროლოგიური ახალი წლის დასაწყისია და ნიშნავს, რომ ზამთრის სიბნელიდან გამოვდივართ“, _ ამბობს ასტროლოგი კორტნი ო’რეილი .
იგი ითვლება ბუნიობად, რადგან მზის მდებარეობა ეკვატორზე ნიშნავს, რომ დღეები და ღამეები თანაბარია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ამის საპირისპიროდ, მზებუდობა, რომელიც ხდება ზაფხულში (20 ან 21 ივნისს) და ზამთარში (21 ან 22 დეკემბერს), ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აღნიშნავს დღეებს სინათლისა და სიბნელის უდიდესი მონაკვეთით. ამ დღეებში მზე რეალურად მდებარეობს ეკვატორიდან ყველაზე შორს.
იაპონიაში გაზაფხულის ბუნიობის დღე სახალხო დღესასწაულია (წელს, ოთხშაბათს, 20 მარტს). ბევრი ადამიანი კვლავ იცავს ძველ ტრადიციებს, როგორებიცაა ახლობლების საფლავების მონახულება და ოჯახური შეკრების გამართვა.
ნოვრუზი სპარსული ახალი წელია. ასევე ცნობილია, როგორც ნაურიზი, ნავრუზი ან ნოვრუზი, ეს ნიშნავს “ახალ დღეს” – ირანული კალენდარი არის მზის კალენდარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო განისაზღვრება, ასტრონომიული დაკვირვებებით, დედამიწის მოძრაობით მზის გარშემო. ასე რომ, წლის პირველი დღე ყოველთვის იწყება გაზაფხულის ბუნიობით.
ეს არის ახალი წამოწყების ზეიმი: მომავლის სიყვარული და წარსულის განდევნა. ამიტომაც ოჯახები ამ დროს იყენებენ სახლებისა და კარადების ღრმად გასაწმენდად და ახალი ტანსაცმლის შესაძენად.