„როცა ბახმაროში აქტიური სეზონია და ძალიან ბევრი დამსვენებელი ამოდის, სისტემა ნაგვის გატანას ვერ უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელმა გიორგი კეჭაყმაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კურორტზე ნარჩენების მართვის პრობლემას რესურსების არ არსებობის გარდა, საზოგადოების მხრიდან ნაკლები სამოქალაქო პასუხისმგებლობის არსებობაც იწვევს.
„პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელი კურორტზე არსებულ კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად ჯანდაცვის სერვისებს ასახელებს და განმარტავს, რომ სამედიცინო პუნქტის გარეშე დარჩენილი ბახმარო, დამსვენებლებისა თუ მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
„ბახმაროში, რომელიც ერთ-ერთი დიდი კურორტია, სადაც უამრავი ბავშვი ჩამოდის, ერთი სამედიცინო პუნქტიც, ერთი ამბულატორიაც კი არ გვაქვს. ერთადერთი ამბულატორია, რომელიც წლების განმავლობაში აქ გვქონდა, უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია და ფიცარი აქვს აჭედილი.
სეზონზე ამოდის სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც აქ ჩერდება, მაგრამ ახლა ვინმეს რამე რომ დასჭირდეს, ძალიან დიდი პრობლემაა. დამსვენებელს რომ დასჭირდეს, სასწრაფო უნდა გამოიძახოს, რომელსაც ბახმარომდე მინიმუმ, საათი და ოცი წუთი დააგვიანდება.
გასული წლების სტატისტიკას თუ შევხედავთ, კურორტზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ივნისის შუა რიცხვებიდან ამოდიოდა და აგვისტოს ბოლომდე ჩერდებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ აქტიურ სეზონზე ამოდიან (ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე).
დანარჩენ პერიოდში, ბახმაროში მუდმივი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არ გვყავს. ღმერთი გვწყალობს, არ გვაქვს ფატალური შემთხვევები, თორემ ამ მიმართულებით ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ“, – განაცხადა გიორგი კეჭაყმაძემ.
ვრცლად: ბიზნესპრესნიუსი































































