„საქართველო შეუძლებელს ხდის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაში შემდგომ წინსვლასა და პროგრესს, აფხაზეთი კი ყველა საკითხის მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივას ვერ ხედავს. ამის შესახებ tass-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების 67-ე რაუნდის შეჯამებისას, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა.
„საქართველო შეუძლებელს ხდის შემდგომ წინსვლასა და პროგრესს ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევაში — სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაში. აფხაზური მხარე არ უშვებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი, კონსტრუქციული გადაჭრის ალტერნატივას. ეს მიდგომა აბსოლუტურად გამართლებულია, ეფუძნება ჩვენს ისტორიულ-სამართლებრივ ბაზასა და არსებულ რეალიებს. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდა გარკვეული სტატუს-კვო და მოუწოდებთ [ჟენევის] დისკუსიის ყველა მონაწილეს, ანგარიში გაუწიონ ამას“, — განაცხადა ბარციცმა.
დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პოზიცია „როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა ჩამოყალიბებული ისტორიულ-სამართლებრივი და პოლიტიკური რეალიებისგან განდგომით“, ხოლო ქართული მხარე „აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამით შეუძლებელს ხდის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევაში შემდგომ წინსვლასა და პროგრესს“.
„ჩვენ კი საკითხს აბსოლუტურად არგუმენტირებულად ვაყენებთ: აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომლებიც საქართველოს მეზობლად მდებარეობენ. და ამ რეალიებს ყველას მოუწევს ანგარიში გაუწიოს. ზუსტად ასეთივე პოზიცია აქვს რუსეთსაც“, — აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

































































