სანამ დედაქალაქის პოლიტიკური და მედიასივრცე ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მძაფრი პოლემიკით, ნიკა მელიას ვრცელი წერილით, ნიკა გვარამიასა და იაგო ხვიჩიას ხმაურიანი ურთიერთბრალდებებით არის დაკავებული, ეკრანებს მიღმა, რეგიონებში სრულიად სხვა რეალობაა. თბილისური “დიდი პოლიტიკის” ჩაკეტილობამ და წარსულში მიღებულმა ბოიკოტის სტრატეგიამ ადგილებზე მძიმე შედეგები გამოიღო.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” შეფასებით, ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება ადგილობრივი დემოკრატიის კრიზისი, რისი ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო და თითქმის პარადოქსული მაგალითიც ჩოხატაურის საკრებულოა.
ცნობისთვის: ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს მოქალაქეების უფლებასა და შესაძლებლობას, თავისივე არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით, ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი რაიონის თუ სოფლის პრობლემები _ ბიუჯეტის განაწილებიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით დასრულებული. როცა ეს ორგანოები ცალმხრივი ხდება, მოქალაქეები რეალურ ბერკეტს კარგავენ.
35 მომხრე, 1 თავშეკავებული: ახალი თავმჯდომარე ოპონირების გარეშე
ადგილობრივი დემოკრატიის სისტემური კრიზისის ყველაზე მკაფიო ილუსტრაცია ჩოხატაურის საკრებულოში სულ ახლახან, 28 მაისს გამართული სხდომა გამოდგა. საკრებულომ ახალი თავმჯდომარე _ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩია.
ეს არ ყოფილა გარედან მოსული ფიგურა, არამედ მუნიციპალიტეტში შიდა როტაცია გახორციელდა: ბერძენიშვილი აქამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და დაბის მაჟორიტარის პოზიციას იკავებდა. თავმჯდომარის პოსტი კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. შარაშიძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
სხდომას საკრებულოს 38 წევრიდან 36 ესწრებოდა. არასრულ შემადგენლობას საფუძვლად სწორედ ზემოხსენებული ფაქტორები უძღოდა _ სხდომას, პატიმრობაში მყოფი დავით შარაშიძის გარდა, მხოლოდ დეპუტატი ლაშა სხვიტარიძე არ ესწრებოდა.
პროცესმა ყოველგვარი ხმაურისა და აზრთა სხვადასხვაობის გარეშე ჩაიარა: ჯუმბერ ბერძენიშვილის კანდიდატურას მხარი დარბაზში მყოფმა 35-მა წევრმა დაუჭირა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მისი ფიგურა მანამდე საკრებულოს უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმდა, რამაც კენჭისყრისას სრული ერთსულოვნება უზრუნველყო.
ერთადერთი, ვინც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, “ლელოს” (კოალიცია “ძლიერი საქართველო”) წევრი მაია რამიშვილია. დღეს ჩოხატაურში რეალური ოპონირების მთელი სიმძიმე, ფაქტობრივად, ამ ერთადერთ დეპუტატზე გადადის.
ბერძენიშვილის დაწინაურების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური დარჩა. როგორც საკრებულოში “გურია ნიუსს” განუცხადეს, ამ პოსტზე ახალი კანდიდატურის შესარჩევად ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ოპოზიციური ნიშა” თუ დაანონსებული სტრატეგია?
წესით, საკრებულოში პოლიტიკური ბალანსი ოპოზიციის კვოტით განსაზღვრულ დანარჩენ ორ მანდატს უნდა შეევსო, თუმცა, ამ ადგილებს “ხალხის ძალის” წარმომადგენლები _ კობა კალანდაძე (პროპორციული სიით) და ქვენობნის მაჟორიტარი მინდია დოლიძე იკავებენ. რადგან სხდომას მხოლოდ შარაშიძე და სხვიტარიძე აკლდნენ, გამოდის, რომ “ხალხის ძალის” დეპუტატები დარბაზში იმყოფებოდნენ და მათ მმართველი გუნდის კანდიდატს უპირობოდ დაუჭირეს მხარი. ეს არის ძალა, რომელიც ეროვნულ დონეზე მმართველ უმრავლესობასთან ღია და მყარ ალიანსშია.
არადა, “ხალხის ძალის” პოლიტიკური ვექტორი საკმაოდ დინამიკური ჩანდა. მიმდინარე წლის 1 მაისს გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პარტია “დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას” ირჩევს და “ჯანსაღი ოპოზიციური ძალის” როლს შეითავსებს. თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლები ამ ნაბიჯს არა რეალურ იდეოლოგიურ დისტანცირებად, არამედ იმ გრძელვადიანი გეგმის ნაწილად განიხილავენ, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში დაიწყო.
ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში, როდესაც პარტია ოფიციალურად ცალკე სუბიექტად ფიქსირდებოდა, “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ მათი გამოყოფა “ოცნებასთან” დაპირისპირებას არ ნიშნავდა:
“ხალხის ძალა” არის პარტია, რომელიც “ქართული ოცნების” წიაღს იმიტომ კი არ გამოეყო, რომ სახელისუფლებო კურსთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა აქვს, არამედ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, აქამდე უცხო “თამაშის წესები” შემოეღო“.
ამ ფონზე, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი სწორედ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი _ მიხეილ ყაველაშვილია, ჩოხატაურის საკრებულოში ოპოზიციის კვოტით მყოფი დეპუტატების მხრიდან ხელისუფლების რეალური კონტროლისა და კრიტიკის მოლოდინი ილუზორული ხდება. რეგიონულ დონეზე იქმნება პოლიტიკური ვაკუუმი, სადაც ოპოზიციის სახელით შესული ძალა მმართველ გუნდთან ფუნდამენტურ იდეოლოგიურ შეუთავსებლობას არ ავლენს.
თბილისური ვირტუალური ომები და რეგიონული ნიჰილიზმი
სანამ ჩოხატაურში ვერტიკალის მონოპოლიზება ხდება (რასაც “ხალხის ძალის” ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაც ადასტურებს, რომ პარტია 2028 წლის არჩევნებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს სტრუქტურების გაფართოებას), დედაქალაქში პოლიტიკური პროცესების ვირტუალიზაცია ახალ ფაზაშია.
იქ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს “ტყუილსა და უტიფრობაში” ადანაშაულებს და “ეჭვიანობის მარყუჟზე” საუბრობს; იაგო ხვიჩია ამტკიცებს, რომ მელიას ხელით ნიკა გვარამია ებრძვის ექსპრეზიდენტს, ხოლო მმართველი გუნდი ამ ყველაფერს “კოლექტიური ნაცმოძრაობის კლანურ ომად” აფასებს.
თბილისურ კაბინეტებში აგორებულ ამ საინფორმაციო ტალღებსა და რეალურ მოცემულობას შორის არსებულ უფსკრულს ჩოხატაურის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, ასე აღწერს:
“ჩემი აზრით, პარტიები ერთმანეთს ვითომ ებრძვიან და არცერთს არაფერი არ ანაღვლებს. ხელისუფლება ისედაც ხელისუფლებაშია და ამით გრძნობს თავს კომფორტულად, ვითომ ოპოზიციაც თავს კომფორტულად გრძნობს. არის ტელევიზიები, რომელთაც ჰყავთ თავისი ფავორიტი პარტიები და აპიარებენ იმათ. სინამდვილეში ამით ქვეყანაში არც არაფერი იცვლება. ხალხს ატყუებენ, თითქოს რაღაცის გაკეთება უნდათ, სინამდვილეში კი მხოლოდ ფული აინტერესებთ. არანაირი პარტიების ომი არ არსებობს, ხალხს აჩვენებენ, რომ თითქოს ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და უნდათ, ქვეყანა უკეთესი გახადონ. მაგენი არცერთი არაფრის მაქნისები არ არიან, ტყუილად ბჟუტურობენ რაცხას“.
საბოლოო ჯამში, ჩოხატაურის მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ სანამ ქვეყნის მთავარი საინფორმაციო დღის წესრიგი დედაქალაქურ დაპირისპირებებს მიაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალური პოლიტიკური შინაარსისგან იცლება და ფორმალურ ინსტიტუტად იქცევა, რაც მოქალაქეებში სამართლებრივ და პოლიტიკურ ნიჰილიზმს კიდევ უფრო აღრმავებს.
ავტორი




































































