რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთის ბაზარში (შპს “სოფლის ნობათი”), სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაიკეტა, ე. წ. “გოჭების და ქათმების შესაწვავი საამქრო”. როგორც აქ მომუშავეები ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, მარტო დაკეტვა არ აკმარეს.
_ დაკეტვა ერთია და ყველაფრის ჩამორთმევა _ მეორე. იმდენი გოჭის დაწვა და განადგურება ცუდად აისახა ჩვენს ბიუჯეტზე. ადამიანი ხომ უნდა იყო და ცოტა რამ მაინც ხომ უნდა გაითვალისწინო? ექვსი გოჭი მე წამართვეს და რვა გოჭი მეორე საამქროში მომუშავეს. ყველას რაღაც სითხე დაასხეს და მერე დაგვამარხინეს. თან გამოაცხადეს მთელ ქვეყანაში ტელევიზიებით _ “გაურკვეველ ხორცს ამუშავებდნენო”. რა გაურკვეველი ხორცი? გოჭები იყო ახლად დაკლული. კი, ბატონო, თანამედროვე სტანდარტები არ გვქონდა, მაგრამ უსუფთაო და გაურეცხავი იქ არაფერი იყო. ვიღაცას ასე მოუნდა და მორჩა… _ გვეუბნება დაკლული გოჭების შესაწვავი ერთ-ერთი სამზარეულოს მეპატრონე. თან იმასაც გვიხსნის, ათასი ლარით რომ დააჯარიმეს და მას შემდეგ მთელი ოჯახი უმუშევარია.
როგორც ოზურგეთის ბაზარში, ცოცხალი ფრინველისა და ცხოველის გაყიდვაზე მომუშავე ქალბატონები ამბობენ, მათ მთლიანად შეეზღუდათ მუშაობა:
_ როგორ მატყობთ, ძალიან დალხინებული ვარ, თავზე გადამდის ეს პენსია და აქ ამიტომ ვზივარ? ხალხი მოდიოდა, ყიდულობდა ფრინველს თუ ცხოველს (გოჭი, კურდღელი, თიკანი) და აქვე, ახლოს კლავდნენ და წვავდნენ კიდეც. ახლა ეს მომხმარებელიც აღარ არის. აქ რომ იყიდოს, აქედან ორ კილომეტრ მანძილზე უნდა წაიღოს შესაწვავად. ბჟუჟის ხიდთან ახლოს გახსნეს ახალი შესაწვავი ობიექტი. იქამდე ტაქსი ათ ლარს სთხოვს ხალხს. ვისაც მანქანა ჰყავს, კიდევ მოახერხებს რაღაცას. ასე აგვრიეს და დაგვრიეს.
ისინი ძალიან კარგი ხალხია. სანამ აქ მუშაობდნენ, ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწყობდით. სამუშაო ორივეს კარგად გვქონდა. ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, _ გვეუბნება ლალი სიხარულიძე, აქ დასაქმებული პენსიონერი და წუხს, რომ ხალხისთვის ელემენტარული ხელშეწყობა რომ მოხდეს, არ ხერხდება, დახურვასა და დაკეტვაზე კი მზად არიანო.
რიგითი მომხმარებელი, ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ აქ ქათმის საყიდლად შემოვიდა და შეწუხებულია ამ ადამიანების მდგომარეობის მოსმენით:
_ ასე დატაკება და გოჭების მიწაში ჩაყრა შეიძლებოდა? დავიჯერო, ასე პუნქტუალურად იქცევიან ყველანაირი სასურსათო პროდუქტის გაყიდვის ნორმებთან მიმართებაში? საითაც გაიხედავ, მეორად ბოთლებში ჩასხმული რძე იყიდება. ასევე, ყველი ზოგს პირდაპირ ტროტუარზე უდევს ვედროთი… ამოწმებს ვინმე? როცა ვიღაცას, კონკრეტულად, გოჭების გადაყრა მოუნდა, ამ ხალხზე იძიეს შური. ასე არ შეიძლება. მცირე მეწარმეს სჭირდება დახმარება და არა თავდასხმა, _ ამბობს ის.
ახლა ოზურგეთის ბაზრის შიდა ტერიტორიაზე, იქ, სადაც შინაურ ცხოველსა თუ ფრინველს კლავდნენ, ასუფთავებდნენ და წვავდნენ, მხოლოდ ძველი წარწერაა დარჩენილი: ” გოჭების და ქათმების დასუფთავება და შეწვა”. ცოტა აქეთ კი, მოზრდილი ფარდულია, სადაც ჩანს წარწერა: “ფრინველითა და ცხოველით სავაჭრო”.
ამ ფარდულში, რომელიც წლების წინ აიგო, ადგილობრივი მცხოვრებლები ვაჭრობდნენ. თუმცა, ახლა მათი უმეტესობა ადგილზე არ იმყოფება.
_ ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა მიატოვა მუშაობა _ ვერ გაუძლო ამ შეხლა-შემოხლას. მუდამ რაღაცას გვსაყვედურობდნენ. თუმცა, შეხედეთ _ არის აქ სამუშაო პირობები? ამ ფარდულში წვიმის დროს წყალი ისე ჩამოდის, როგორც გარეთ. მოითხოვე, რამდენჯერაც გინდა. ვინაა გამგონე? მოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და ნახონ, რა პირობებში ვართ. თუ არადა, პენსია მოგვიმატონ და წავალთ შინ. განცხადება ბევრჯერ მივიტანეთ ხელმძღვანელებთან, მაგრამ ესმის ვინმეს? _ კვლავ გვეუბნება ლილი სიხარულიძე და დასძენს, რომ არც არავის თანადგომის იმედი არ აქვს.
_ ჩვენ ვართ მცირე მეწარმეები. წლებია, აქ ვიყავით დასაქმებულები. რაკი ეს გოჭების შესაწვავი გაგვიუქმეს და თან დაგვაჯარიმეს, გადავწყვიტეთ, ახალი თანამედროვე სტანდარტის შესაწვავი კეთილმოწყობილი ობიექტი შეგვექმნა. ნებართვა მივიღეთ და უკვე ყველანაირად რომ მოვაწესრიგეთ, თავისი ვიდეოთვალებით და ყველა დანადგარით. მერე ვეტერინარის მოყვანა მოგვთხოვეს. ჩვენ ვინც მოვიყვანეთ, ის არ მოეწონათ. თავად დაგვეხმარონ. მცირე მეწარმეს დახმარება და გვერდით დგომა არ სჭირდება? დღეს ხშირად საუბრობენ მათდამი დახმარების აუცილებლობაზე და ახლა, აქ, ჩვენს შემთხვევაში ჩანს სადმე? _ გვეუბნებიან მამუკა და ვიქტორია კომუშოვები.
როგორც მათ გვაჩვენეს, დღეს უკვე კეთილმოწყობილი შესაწვავი საამქრო აქვთ მზადყოფნაში. ახალი სპეციალური ღუმელი, მაცივარი, ონკანის სპეციალური ნიჟარები. ასევე, ვიდეოსათვალთვალო კამერები ყველა ოთახში და შემოსასვლელშია განთავსებული. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას. როგორც თავად ამბობენ, ამ ყოველივეს გასაკეთებლად, ბანკის სესხი ჰქონდათ აღებული და იმედოვნებდნენ, რომ მალე მუშაობას დაიწყებდნენ. თუმცა, რომ ეგონათ ყველაფერი მოაწესრიგეს, ახალი, სტანდარტული, კომფორტული შენობა დაასრულეს, ახლა შეუძლებელი გახდა ვეტერინარის პოვნა.
_ ჩვენი ძალებით ვიპოვეთ ერთი ვეტერინარი, თუმცა, გვითხრეს, რომ ეს დამხმარეა, ვეტერინარს სხვა განათლება უნდა ჰქონდესო. მგონი, საბჭოთა კავშირის დროს მიღებული განათლების მქონე სპეციალისტს ეძებენ. ისეა თუ ასე, ჩვენ ახლა ვეტერინარის მოლოდინში ვართ. ვერ ვპოულობთ და ვართ ასე უმუშევრები. თავიდან ასე რომ ეთქვათ, რაღაც სხვა გზას დავადგებოდით. ახლა სესხი რომ გვაქვს აღებული, გადახდის დრო მოვიდა. სახლიდან ვყიდით რაღაცებს და ისე ვიხდით ყოველთვიურ შესატანს. ეს საქმეა? მთელი ოჯახი დასაქმებული ვიყავით. შვილი და რძალიც აქ მუშაობდნენ. ახლა ყველა უმუშევარი ვართ ამ გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში, _ გვეუბნებიან მამუკა და ვიქტორია კომუშოვები.
მცირე მეწარმის დასახმარებლად რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ეს ახალი ამბავი არაა. თუმცა, კომუშოვების შემთხვევაში, როგორც თავად გვიამბობენ, ეს არსად ჩანს.
_ ყველაფერი მოვაწესრიგეთ, მარტო “ჰასპის” წიგნში რვაასი ლარი გადავიხადეთ. თუ ჩემი მოყვანილი ვეტერინარი არ მოსწონთ, თავად მოგვიძებნონ. ერთი კარგი ვეტერინარიც ვნახეთ. ეს მეორე ცდა იყო. პენსიონერია და რვაასლარიან ხელფასზე ვერ ვიმუშავებო. პენსიას აღარ მომცემენ და რვაასი ლარი არაა ისეთი თანხა, მთელი დღე აქ ასეთ საპასუხისმგებლო სამუშაოზე ვირბინოო, _ გვითხრა. რა ვქნათ? მცირე მეწარმის დასაქმების თუ ვეტერინარი კადრების პრობლემა გოჭების შეწვაზეცაა ასახული, ხომ ხედავთ. ვდგავართ, ვიხდით ამ ბანკის ვალს და შემოსავალი არსაიდან ჩანს, _ გვეუბნება მამუკა კომუშოვი.
მასთან მომუშავე ქალბატონები ამბობენ, რომ ამ ადამიანმა მოინდომა, მცირე ბიზნესის გაძლიერება სურდა და ახლა გაძლიერება კი არა, ვალშიც გადააგდესო.
“გურია ნიუსი” სეს-ის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს, მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა.
ჩვენ მას ვკითხეთ, ეს ცნობილი პრობლემა აქამდე რატომ არ მოგვარდა; რატომ შეექმნა პრობლემა მცირე მეწარმეს და სავარაუდოდ, როდის მოგვარდება ეს ყოველივე ოზურგეთის ბაზარში; ზოგადად, ოზურგეთში, სადაც მომხმარებელს ხშირად სჭირდება გოჭის თუ ქათმების შეწვა და ეს სურთ კომფორტულად, ხარისხიანად და დროის ზედმეტად დაკარგვის გარეშე მოხდეს.
ქალბატონმა მანანა ერქომაიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ ვეტერინარის პროფესიით კადრები არ გვყავს, ან ძალიან ცოტაა. ამიტომ ხსენებულ ობიექტზე, როგორმე თავად უნდა იზრუნონ, რომ აიყვანონ, მოიძიონ კადრი. ჩვენს კომპეტენციაში ეს არ შედის. თუმცა, თუ კადრი იქნება, კი გავუშვებთ.
ყველა შეხვედრაზე, ყველგან ვსაუბრობ კადრების დეფიციტზე ამ მიმართულებით. გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა. ერთი ძალიან კარგი ვეტერინარი გვყავდა, ქალბატონი. ძროხამ წააქცია, მხარი მოიტეხა. სამკურნალო თანხა გავუგზავნე, რომ რაღაცით ცოტათი მაინც დავხმარებოდი და სამსახურში გამოსულიყო. თუმცა, მაინც ვერ შეძლო. რა ვქნა? სულ რეგიონში თორმეტი ვეტერინარი მყავს. ჩოხატაურში საერთოდ არ არის. ამ თორმეტიდან ყველა არცაა ვეტერინარი, ორი დამხმარეა. ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოში გაცილებით უკეთაა საქმე. სამცხე-ჯავახეთში 148 ვეტერინარი ჰყავთ ხელშეკრულებით. ახლა ესენი რომ ამბობენ, თითქოს ვიწუნებთ ვიღაცას, ასე არ არის. მთავარია ვეტერინარი იყოს სერტიფიცირებული და რა დაამთავრა, როდის და სად, ამას არ აქვს მნიშვნელობა. რა შუაშია საბჭოთა კავშირი თუ სხვა სივრცე, სადაც განათლება მიიღო ამა თუ იმ პირმა? რამდენიმე პენსიონერი ვიცი _ არ უღირთ არსებული ხელფასით მუშაობა, მეტ ანაზღაურებას ითხოვენ.
აქ, სამსახურში ჩვენ გვყავს სულ ორი ვეტერინარი. ერთი ფრინველის სასაკლაოზეა მიმაგრებული. მეორე კი _ ცხოველის და ფიზიკურად ვერ შევძლებთ, კიდევ სადმე დამატებით ვამუშაოთ. შესაფერი კადრი უნდა ნახონ თავად. კერძოა ეს ბიზნესი. დახმარებას თუ შევძლებთ, განა დავამადლით? ჯერჯერობით კი, ეს გოჭების შესაწვავი ობიექტი ვერ გაიხსნება სწორედ ამ მიზეზის გამო”, _ თქვა ერქომაიშვილმა.
ამასობაში კი, მცირე მეწარმის და ასევე, ვეტერინარი კადრების პრობლემა პრობლემად რჩება და ადამიანები დაუსაქმებლობის გამო წუხან _ შინ შვილები და შვილიშვილები გვყავს, ლუკმა უნდა მივუტანოთ და სახელმწიფო დაწესებულებებში ამ პრობლემას პრობლემად ვერ აღიქვამენ, რადგან მაღალი და სტაბილური ხელფასები აქვთო…
ავტორი































































