ქართულ მართვის მოწმობას საბერძნეთშიც აღიარებენ.
როგორც დადებული შეთანხმებით ხდება ცნობილი, მართვის მოწმობების აღიარება ორმხრივია.
თანხმდებიან შემდეგზე:
მხარეები ორმხრივად აღიარებენ მოქმედ მართვის მოწმობებს (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა), რომლებიც გაცემულია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში გამოსაყენებლად. მხარეები ასევე თანხმდებიან, მიანიჭონ მართვის მოწმობის მფლობელებს მათი გადაცვლის უფლება, იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ორივე მხარის ტერიტორიაზე.
ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით მართოს მისი მართვის მოწმობის კატეგორიით ნებადართული სატრანსპორტო საშუალება, აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელს მიენიჭა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ მხარის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და მას სურს მართოს სატრანსპორტო საშუალება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში გაწერილ ვადაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოები მის მართვის მოწმობას (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა) გადაცვლიან მეორე მხარის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობაში.
აღნიშნული მართვის მოწმობების გადაცვლა ხორციელდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე.
გადაცვლის განმახორციელებელი მხარის კომპეტენტური ორგანოები მოითხოვენ სამედიცინო მოწმობას, რომელიც დაადასტურებს, რომ მართვის მოწმობის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისაღებია მართვის მოწმობაში მითითებულ კატეგორიის ან კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ან სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის სამართავად”,_ ვკითხულობთ შეთანხმებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეთანხმებას ხელს საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ხოლო საბერძნეთის მხრიდან საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი, ქრისტოს სტაიკურასი აწერს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ხელშეწყობას.
ინფორმაციისთვის, მსგავსი შეთანხმება საქართველოს ესპანეთთან და ირლანდიასთანაც აქვს.