დილიდან Bloomberg-ზე 1 დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში რამდენჯერმე გაიზარდა. დილიდან 1 დოლარი 2.700 ლარად ივაჭრებოდა, ხოლო 15:00 საათის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7250 ლარამდე ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.6866 ლარი იყო.
BPN-თან ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, ლარის გაუფასურება უკავშირდება რისკებს, რაც გამოწვეულია მოლოდინებით და არა მაკროეკონომიკური ფაქტორებით. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების, საერთაშორისო განცხადებების ფონზე შემცირდება სამომავლოდ სავალუტო ნაკადები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.
„ბიზნესპრესნიუსთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მოკლევადიანად შესაძლოა, ლარის კურსთან მიმართებაში მერყეობები შეინიშნებოდეს. მისი თქმით, გრძელვადიანი ეფექტი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ რისკებზე, მიმდინარე მოვლენებზე, საბოლოოდ მიიღებს თუ არა მმართველი პარტია ვეტოს შემდეგ კანონს და როგორ ჩაატარებს არჩევნებს.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ვალუტის კურსის ცვლილებასთან მიმართებაში ორი სენტიმენტი – შიში და იმედი არსებობს, იმედი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ვერ გაიტანს კანონს და ქვეყანაში დადებითი ცვლილებები განხორციელდება და შიში იმისა, რომ კანონის საბოლოო სახეს მიიღებს და რისკები და ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტები გაძლიერდება.
ვრცლად: bpn