„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქება იზღუდება შეზღუდვა ეხება სასამართლოს სხდომათა დარბაზებს, დერეფნებსა და ეზოსაც კი.
ამჟამად სასამართლო მედიასაშუალებებს აძლევს უფლებას, სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაიღონ, თუკი წინასწარ შეავსებენ განაცხადს.
დანაწესს, რომ მაუწყებლებს ჩვეულებრივ შეუზღუდავად შეუძლიათ სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, „კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა“, ადგენს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, თუმცა, ახლა კანონის ეს ნორმა იცვლება.
ცვლილებებით იზღუდება როგორც დარბაზებში, ასევე სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება.
პროცესებს გადაიღებს არა მედია, მათ შორის არც საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ სასამართლო ან „სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“.
„ქართული ოცნების“ ინიციირებული ვერსიით:
- სასამართლოში _ სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში – ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია;
- გამონაკლისი წესდება იმ შემთხვევებზე, როდესაც „ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი“.
- მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს „თავის ხელთ არსებული“ გადაღების მასალები, „თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს“.
- ამასთან, „სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით“.
ეს ნიშნავს, რომ სასამართლო დავის/პროცესის რომელიმე მხარემ ჯერ უნდა მოითხოვოს ნებართვა, რომ პროცესი გადაიღონ, შემდეგ კი მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დაუშვას და დააკმაყოფილოს.
კანონში ამჟამად მოქმედ იმ ქვეპუნქტი, რომელიც ინფორმაციის გავრცელების თავისუფლების გარანტიას ქმნიდა, მთლიანად უქმდება:
\
- „ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე;
- დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“.