ავღანეთში ქალთა თავისუფლება კიდევ უფრო შემცირდა. თალიბანი ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობას უკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ისლამისტმა მმართველებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალი თანამშრომლები არღვევდნენ შარიათის კანონს ჰიჯაბის არ ტარებით.
ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც უნივერსიტეტებში ქალი სტუდენტები აიკრძალა – ეს არის უახლესი შეზღუდვა მათ განათლებაზე მას შემდეგ, რაც თალიბებმა დაიბრუნეს ძალაუფლება.
ქალები, რომლებსაც სამსახურში წასვლა აეკრძალათ, ბრიტანულ ტელემაუწყებელთან საკუთარი შიშის და უმწეობის შესახებ საუბრობენ.
განკარგულება, რომელიც დღეს გამოცხადდა ეკონომიკის სამინისტროს წერილით, ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე. თალიბანის სპიკერმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება ძალაშია შემდგომ გაფრთხილებამდე.
თუმცა, გაურკვეველი იყო, იმოქმედებდა თუ არა ეს გაეროს ორგანოებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ახორციელებენ დახმარებისა და განვითარების სამუშაოებს ქვეყანაში.
წერილი შეიცავს მუქარას, რომ გააუქმდება ლიცენზია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც სწრაფად არ შეასრულებს ბრძანებას.
თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახლა მხოლოდ მამაკაცების დასაქმების უფლება აქვთ, როგორც ჩანს, ავღანელი ქალები ვერ შეძლებენ დახმარების პირდაპირ მიღებას. ცალკე წესები ხელს უშლის ქალებს მამაკაცებთან მუშაობაში.
შიშობენ, რომ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემაში საზღვარგარეთიდან მითღებული დაფინანსენა სრულად ამოწურულია, შეიძლება ფართოდ გამწვავდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა სიკვდიალიანობა.
Amnesty International-ის სამხრეთ აზიის ფილიალმა აღწერა აკრძალვა, როგორც “კიდევ ერთი სავალალო მცდელობა, წაშალოს ქალები ავღანეთის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სივრცეებიდან”.
ერთმა იმამმა – რომლის ვინაობას კვლავ BBC იცავს – თქვა, რომ თალიბანი “არ იყო ერთგული რაიმე ისლამური ღირებულების მიმართ”.
მან განმარტა: “ისლამს არ უთქვამს, რომ მამაკაცებს შეუძლიათ განათლება და ქალებს არ შეუძლიათ. ან მამაკაცებს შეუძლიათ მუშაობა და ქალებს არ შეუძლიათ. ჩვენ დაბნეულები ვართ ამ გადაწყვეტილებით.”
ამ კვირის დასაწყისში ქალების ავღანეთის უნივერსიტეტებში სწავლის აკრძალვამ მსგავსი დაგმობა გამოიწვია. ამან გამოიწვია საპროტესტო აქციები – მათ შორის შაბათს ჰერატში – რომლებიც სწრაფად ჩახშობილ იქნა.
მას შემდეგ, რაც გასულ წელს, თალიბებმა ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს, სტაბილურად ზღუდავენ ქალთა უფლებებს – მიუხედავად იმისა, რომ დაპირდნენ, რომ მისი მმართველობა უფრო რბილი იქნებოდა, ვიდრე 1990-იან წლების რეჟიმის.
პროვინციების უმეტესობაში დახურულია გოგონების საშუალო სკოლები. ქალებს ასევე აეკრძალათ პარკებსა და სპორტდარბაზებში შესვლა, ასევე სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.