ოზურგეთის მერიის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ლანა თოდუა დაინიშნა. ახალი დირექტორი ცენტრის თანამშრომლებს ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ და მერის მოადგილემ სოფო რამიშვილმა წარუდგინეს – ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
„პაატა კუნჭულიამ ლანა თოდუას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მას აქვს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება.
ლანა თოდუამ სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა უცხო ენების მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დეკანის თანაშემწედ, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურში სპეციალისტად და ლექტორად. აქვს ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლანა თოდუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის გენო მორჩილაძის ცოლია. სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელად ბოლო წლების განმავლობაში მაკა ჭყონია ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ აღარ დატოვა აღნიშნულ სამსახურის ხელმძღვანელად.
გენო მორჩილაძის მეუღლის თანამდებობაზე დანიშვნას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში აკომენტარებენ, რომელი ჩინოვნიკის მეუღლე იქნება შემდეგი და რომელ თანამდებობაზე დაინიშნება.



































































