ქართულ მხარეს ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე წარმოადგენდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
მოკავშირეებმა კომისიის სხდომაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ 2013 წელს, წლიური ეროვნული პროგრამის მეხუთე ციკლის ფარგლებში გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და აღნიშნეს, რომ საქართველომ არსებით, ხარისხობრივ პროგრესს მიაღწია წლიური ეროვნული პროგრამის მიზნების განხორციელების თვალსაზრისით, რაც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსის წევრობასთან. წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა ნატო–ში ასევე ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში 2013 წელს გამართულმა თავისუფალმა, სამართლიანმა და დემოკრატულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალნათლივ წარმოაჩინა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქართული საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე.
ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრაზე მოკავშირეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გადაგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს. ნატო–ს წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა და გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. მოკავშირეებმა ასევე მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის გამო.
დღესვე შედგა სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო–ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პროცესი და სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
































































