დღეს, 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ. მანამდე კი ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძემ, დეპუტატებს ბიუჯეტის დამტკიცების დეტალებზე ესაუბრა.
"რადგან ბიუჯეტი არის მთავარი დოკუმენტი აქედან გამომდინარე საკრებულოს სხდომაზე ყოველთვის ძნელია დეტალებზე საუბარი და ამიტომ ბიუროს სხდომაზე კარგი იქნება ჩვენი შენიშვნები და წინადადებები წარმოვადგინოთ. ჩვენი ბიუჯეტის ერთ ბაზაზე შეიქმნა ორი მუნიციპალიტეტი – ეს არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ეს არის ქალაქ ოზურგეთის საკრებულო. მოხდა მოსახლეობის დათვლა მთლიანად ორივე მუნიციპალიტეტის, გაყვეს საშუალო ციფრზე და თითოეულ მოსახლეობის მიხედვით შეადგინეს ეს ბიუჯეტი. ახლა, ბიუჯეტში დასახარჯი გვექნება 8 000 000 ლარი", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
მანვე ისაუბრა, დეპუტატების უფლებამოსილების თანხის ანაზღაურებაზე, რომელიც ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში 500 ლარი იქნება.
"მოვძებნოთ ფორმა თუ როგორ უნდა მოხდეს დეპუტატების უფლებამოსილების თანხის ანაზღაურება. ის ფორმა, რომელიც იყო აქამდე დანერგილი ყველგან, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, იყო უკანონო.
ადამიანს, როდესაც ამ თანხას აძლევ ხელფასის სახით და თან დაუქვითო, ეს არ შეიძლება, ხარჯის დაქვითვა არ შეიძლება. ბიუჯეტში უკვე დევს ეს თანხა და 500 ლარი გექნებათ. ახლა დგას საკითხი ასე, როგორ უნდა გავაკეთო ეს და რა ფორმით. ერთადერთი სწორი ფორმა არის ის, რომ თქვენ უნდა წარმოადგინოთ ხარჯები თუ რა გჭირდებათ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში. ამ თემაზე ვმუშაობთ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს.
ასევე, ოზურგეთს დააწვა სიმძიმის სახით ორ-თვიანი კომპენსაციის გაცემა, ამან წარმოშვა დეფიციტი ბიუჯეტში. თავიდანვე ეს თანხა არ იყო ბიუჯეტში ჩადებული.
ეს ბიუჯეტი თავიდანვე დაიგეგმა არასწორად და ახლა იჩინა თავი პრობლემებმა. ბიუჯეტი პროპორციულად არ დაიხარჯა", _ უთხრა დეპუტატებს დიმიტრი კვერღელიძემ.