
_ როდესაც გაწვევებია, გვიანამდე ვჩერდებით და ვთამაშობთ, _ გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.
სამსახურში ჩოგბურთის თამაშს უარყოფს სამსახურის ვახტანგ მეფარიშვილი.
_ არავინ თამაშობს.
_ აბა, რისთვის შეიძინეთ?
_ როდესაც წვევამდელები მოდიან, ხშირად უწვეთ 1-2 საათი ცდა და რომ არ მოიწყინონ, ამიტომ ვიყიდეთ. ისე, ეგ მაგიდა 6 თვეა, არც კი აგვიწყვია. კედელზეა აყუდებული.
_ მაგიდის ნახვა გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ (საუბარი ჩაწერილია 4 სექტემბერს). არც თქვენ და არც თქვენი თანამშრომლები ათის ნახევარზე სამსახურში არ იყავით… არადა, პრემიერის განკარგულებით სამუშაო დღე 9 საათზე იწყება…
_ ჩვენ ველოდებით შიდა რეგულაციებს, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
_ ბატონო ვახტანგ, შიდა რეგულაციები მხოლოდ იმ მოსამსახურეებს შეეხებათ, რომლებსაც შვილები სკოლაში ან საბავშვო ბაღში დაჰყავთ. თანაც, ახლა არც სკოლაა და არც ბაღი. შესაბამისად, 9 საათზე სამსახურში უნდა იყოთ.
_ ხო, გავითვალისწინებთ. რაც შეეხება მაგიდას, როგორც გითხარით, კედელზეა აყუდებული და როცა გინდათ, ნახეთ.
_ 6 თვეა, რაც იყიდეთ და თქვენი სიტყვებით გამოდის, რომ არ გჭირდებოდათ და ტყუილად შეგიძენიათ…
_ მჭირდებოდა და ვიყიდეთ.
_ ჩვენ გადავამოწმეთ ის პროცედურები, რომელსაც წვევამდელი თქვენ სამსახურში გადის. მოდის, გაივლის კომისიას და დადებითი პასუხის შემდეგ, კონკრეტულ დროს იბარებთ, რომ ნაწილში წაიყვანოთ. შესაბამისად, მათ ლოდინი არ უწევთ… იქნებ უკეთ აგვიხსნათ ჩოგბურთის მაგიდის შეძენის მიზნობრიობა?
_ მჭირდებოდა და შევიძინე! გაიგეთ! აი, ასე დაწერ! მჭირდებოდა!_ დააკონკრეტა მეფარიშვილმა.
მეფარიშვილის მტკიცებით კედელზე "აყუდებული" ჩოგბურთის მაგიდა 5 სექტემბერს გადავიღეთ. თავად მეფარიშვილი არ დაგვხვდა, როგორც გვითხრეს, გათავისუფლებული იყო. მისმა მოადგილემ კი არ დაიზარა და თამაში შემოგვთავაზა:
_ მთლად კარგი ბურთი არ არის, ცოტა გაფუჭებულია, თორემ თამაშს შემოგთავაზებდით, კარგი სათამაშოა, _ გვითხრა დავით ჟღენტმა.