საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს და განახორციელებს.
პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბახმაროს მსგავსი კურორტების პოტენციალის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის ფარლგებში განხორციელდება საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობის შესწავლა, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მშენებლობის საჭიროებების განსაზღვრა; წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შექმნა; გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადების კვლევა; საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტების შედგენა და განხორციელება; საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება და სრულყოფა; ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმა-კონცეფციის შემუშავება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, ვინაიდან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტარტეგიული დარგი".




































































