დაკავებულის ოჯახი 7 საათის განმავლობაში ელოდებოდა ქალბატონს, რომელმაც, როგორც მისი მეუღლე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, ოჯახის დიასახლისი “გლობალ ტვ”-ის ანტენის დადგმის გამო დააკავეს. მეუღლე მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეეხმიანა მას და უთხრა, რომ არ შეშინებოდათ, დაკითხვაზე იმყოფებოდა და სახლში მალე მივიდოდა.
თენგო ბერძენიშვილი, ზაირა ჭედიას მეუღლე: _ გუშინწინ დავიდგით ეს ანტენები. რა ვიცოდით, თუ ამხელა ამბავი მოყვებოდა. არც ერთ პარტიაში არ ვართ გაწევრიანებული, ჩემი მეუღლე დიასახლისია, არსად არ მუშაობს. სწორედ მის სახელზე გავაფორმეთ ხელშეკრულება და ის იმიტომ წაიყვანა პოლიციამ.
საღამოს 7 საათზე პოლიციამ ზაირა ჭედია სახლში დააბრუნა.
ზაირა ჭედია: _ ჩემთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე ოზურგეთელი. არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა ზეწოლა, არ ვიცი, ვინ დამკითხა.
_ რა კითხვებს გისვამდნენ?
_ ვინ იყო მოსული, რა გითხრათ, რატომ დაიდგით ანტენაო. მე ვუთხარი, რომ სამი არხი მქონდა და მინდოდა სხვა არხებისთვისაც მეყურებინა,-მეთქი, სხვა მიზეზი არ მაქვს. მეც მინდოდა უფასოდ დამედგა _ ასე ვიცოდი, რომ უფასოა. ადამიანი თუ კი რამეს მომცემს და მაჩუქებს, რატომ უნდა ვთქვა უარი? მომთხოვეს ხელშეკრულება, რომელიც წაღებული მქონდა, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ქალბატონი ზაირა.