შემდეგ ყველა დააწვინეს და წიხლებით და ქამრებით ცემეს. იქვე ჩამოიარა ჯარისკაცების ოცეულმა, რომლებიც დ. ჩ მიაბრუნა, შვიდ გაშიშვლებულ, ნაცემ თანამშრომელზე მიუთითა, რომ იყვნენ “სამშობლოს მოღალატეები და ნაბოზარი ძაღლები” და უბრძანა ზედ გადაევლოთ მათზე, რაც შეშინებულებმა შეასრულეს. შემდეგ შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ჩაყარეს ამოთხრილ ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. ” _ საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით.
დაზარალებულების ჩვენებების მიხედვით წამების მეთოდები ასეთი იყო: ხოხვა ჭაობში, ხოხვა კანალიზაციაში, თმების ატრუსვა სანთებლით, ორმოში ჩაყრა და მიწის დაყრა ზემოდან, ეროვნული ნიშნით ცოცხზე გადასმა “ბაბაიაგა ვარ”-ს ძახილით, ცემა ჯაჭვის და ჯოხის გამოყენებით, თავში და სახეში იარაღის კონდახის ჩარტყმა…
“ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, საწვრთნელი პროგრამა, რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, ე.წ. დაზარალებულებმა ვერ გაუძლეს ძლიერ ფიზიკურ დატვირთავს, რადგან ისინი სპეცრაზმისთვის იყვნენ შეუფერებლები, არ ჰქონდათ შესაბამისი ფიზიკური მომზადება.
2013 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ.
საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა…
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის და 63 ბრალდების მოწმე, აქედან 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ბრალდებულები მამუკა აბაშიძე, დავით ჩუბინიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე და დავით ვეკუა შს იმჟამინდელი მინისტრის დავალებით, იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, ახორციელებდნენ სპეცრაზმელების წამებას, დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენში ვკითხულობთ: “საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. “
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალის დასადასტურებლად ყველა მტკიცებულება ჰქონდათ.
რეინჯერების პროგრამასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსმა” საქართველოს მთავარ პროკურატურას შემდეგი კითხვებით მიმართა:
_ ბაჩანა ახალაიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ წვრთნები ტარდებოდა რეინჯერების პროგრამით. შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს?
_ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მიერ გაცემულ ბრძანებაში, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები აიყვანეს იაღლუჯას პოლიგონზე, რეინჯერების საწვრთნელი პროგრამა საერთოდ არ არის ნახსენები.
_ რას ითვალისწინებდა რეინჯერების პროგრამა და რომელი ბრძანებით იყო ის გათვალისწინებული?
_ რეინჯერების კურსთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა, რომლის დამტკიცების გარეშე რეინჯერების საწვრთნელი კურსის ჩატარება დაუშვებელია. აქვე განგიმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აღნიშნული კურსით განხორციელებულიყოს წვრთნა. აღნიშნული კურსი დანერგილია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში.
_ რომელი ინსტრუქტორები ახორციელებდნენ ამ პროგრამას და როგორი იყო მათი კვალიფიკაცია?
_ აღნიშნული კურსი ჩაატარეს პირებმა, რომლებიც საწვრთნელი კურსის ჩატარების მომენტში დათხოვნილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი 2012 წლის 26 ივლისიდან დათხოვნილები იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. აღნიშნული წვრთნა კი, როგორც ბაჩანა ახალაიას ბრძანებიდან ირკვევა, ჩატარებულია 2012 წლის 19 აგვისტოდან 2012 წლის 19 სექტემბრამდე.
ითვალისწინებდა თუ არა “რეინჯერთა მომზადების კურსი” ჯოხით გაუპატიურებას და რატომ ატარებდნენ წვრთნებს სამოქალაქო პირები, ამაზე საბოლოო სიტყვას პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე თქვა…