სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფს აყენებდა სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებს.
“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებას: “საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად, სისტემის ორგანოდან დათხოვნილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების უფროსის მოადგილე, იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი გია ჯანაშია.
სამსახურეობრივი შემოწმებით გაირკვა, რომ გია ჯანაშიას მხრიდან, მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებზე ადგილი ჰქონდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე უხეშ და რიგ შემთხვევაში დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, რაც დასტურდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითების: გ. გიორგაძის, მ. კენჭაძის, ჯ. მიმინოშვილის, ჯ. ნემსაძის, ს. ომიაძის, რ. ძირკვაძის, ზ. ჭაღალაძის, ჯ. დევაძის და ლ. ხოზრევანიძის ახსნა-განმარტებითი ბარათებით.
აღნიშნული ქმედებებით გია ჯანაშიამ უგულებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული “პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურეობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება) გათვალისწინებული ნორმები,” _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.