საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოჭადრაკე ქალთა შორის ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა.
ქვეყნის 72-ე პირველობას 9-19 იანვარს ტრადიციულად თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
დებულების მიხედვით, ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებში დაიბევა ადგილი, ხოლო მეორე-მესამე ადგილზე გასული ბელა ხოტენაშვილი და ნინო ხურციძე ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსდებიან. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი – 17500 ლარი – ასე განაწილდა: პირველადგილოსანს 5500 ლარი გადაეცა, ხოტენაშვილს – 4500, ხურციძეს – 3500, მეოთხე ადგილზე გასული სალომე მელია 2500 ლარით დაჯილდოვდა, მეხუთეადგილოსანი მერი არაბიძე კი 1500-ით.
ნინო ბაციაშვილი საქართველოს შარშანდელ ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა, 2012-2013 წლებში კი ჯერ მესამე, შემდეგ კი მეორე ადგილები დაიკავა. შარშან ნინომ ჯერ საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა, შემდეგ კი ბათუმის „ნონას" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატში იმარჯვა.
"საქართველოს ჩემპიონის ტიტული ჩემი კარიერის უმაღლეს მიღწევად მიმაჩნია. მიხარია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი პირველობა მოვიგე. ეს გამარჯვება მეტ სტიმულს მომცემს", – განაცხადა ნინომ.
ცნობისათვის: წლეულს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები პირველ შეკრებას 10-20 თებერვალს გაივლის, 23 თებერვლიდან კი ნინო ისრაელში, ქალაქ იერუსალიმში ვაჟთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.