ესპანეთის ქალაქ პონტევედაში გამართულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ბერძბულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღზრდილმა, გიორგი შოთაძემ ჩემპიონობა გაინაღდა. მან ფინალურ ეტაპზე სომეხ ჰაიკ მელიქიანს პირწმინდად აჯობა და 9:0 დაამარცხა კიდეც.
მანამდე გიორგიმ საჩემპიონო გზიდან ესპანელი უგო ფერნანდეს მონტუტო, ბელარუსი ელდერ ჰასანაუ, მოლდოველი ვალენტინ პეტიჩი და ნორვეგიელი ჰაავარდ იორგენსენი ჩამოიშორა.
გიორგი შოთაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ, ამჯერად ახალგაზრდებში მოიპოვა 2016-2017 წლებში გიორგი ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში გახდა, ასევე არის მსოფლიო ჩემპიონი.
ჯამში კი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 151 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.