“ბოლოს და ბოლოს, გაგვარკვიეთ, რა ბედი ეწევა სოფლების: ეწერის, ნინოშვილისა და ნიგოითის საჯარო სკოლების მშენებლობების საკითხს“, _ მიმართა “ძლიერი საქართველო–ლელოს” წარმომადგენელმა გოჩა ჯანაშიამ ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელიც 27 აპრილის საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.
“ამდენი წელია, მიდის ამ სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა, კონკრეტული ამ დრომდე არაფერია“, _ თქვა გოჩა ჯანაშიამ საკრებულოს სხდომაზე და მერისგან თემასთან დაკავშირებით განმარტებები ითხოვა.
სარიშვილის თქმით, საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტთა ნუსხაშია და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან მის მოსაგვარებლად.
“ეწერის, ნინოშვილისა და ნიგოითის სკოლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეულია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ნიგოითის საბაზო სკოლასთან დაკავშირებით, იცით, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა კომპანია “ჯავასთან” და ჯარიმაც გამოეწერა ამ კომპანიას. რაც შეეხება ნინოშვილის საჯარო სკოლას, მოვიდა თანხმობა რომ რეაბილიტაციის პროგრამაში მოხდეს მისი ჩასმა. მოკლედ, 10 მაისამდე მე მექნება შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სადაც ამ სკოლებთან დაკავშირებით მექნება საუბარი“, _ განმარტა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს წევრის მხრიდან დასმული შეკითხვის პასუხად.
საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები წლებია, სხვადასხვა სკოლებში არიან შეხიზნულები და მეორე ცვლის რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.
მაგალითად, სოფელ ეწერში მდებარე (ჯურუყვეთის #1) სკოლის რეაბილიტაციის საჭიროება 2022 წლის გაზაფხულიდან დადგა დღის წესრიგში და აქაურ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ალტერნატიულ ფართად მაშინ მეზობელ სოფელში მდებარე ნინოშვილის საჯარო სკოლა შესთავაზეს, ცხადია, მეორე ცვლაში.
2023 წლის გურიაში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი, ნინოშვილიდან ლესის საჯარო სკოლაში მოუწიათ გადაბარგება, აქაც მეორე ცვლაში, რა თქმა უნდა. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სკოლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რის საფუძველზეც შენობის დემონტაჟი განხორციელდა. ცნობისთვის, ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც სამ სოფელს: ჯურუყვეთს, ეწერსა და ბაღლეფს აერთიანებს, ახლა მხოლოდ ერთი, ჯურუყვეთის არასრული #2 სკოლა მოქმედებს და წლებია ამ თემში მცხოვრებ ბავშვებს მე-9 კლასიდან სხვა სოფლების სკოლებში უწევთ სიარული.
სოფელ ნიგოითში საბაზო სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილება კი, ხელისუფლებამ 2023 წელს მიიღო, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე.
დაპირების მიხედვით, ძველი შენობის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა უნდა აშენებულიყო და შენობის დემონტაჟიდან მალევე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილზე ტექნიკაც გამოჩნდა, წინასამშენებლო სამზადისი დაიწყო, საძირკვლის ორმოც გათხარეს, თუმცა, კომპანიამ რომელმაც თავის დროზე ტენდერში გაიმარჯვა, დაწყებული საქმე მალევე მიატოვა.
რაც შეეხება სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლას, ის 2023 წლის რვა სექტემბერს გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, გეოლოგების პირველადი დასკვნით, მოსწავლეების მისაღებად საფრთხის შემცველად ჩაითვალა.
ავტორი
































































