განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებულ სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
„სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რათა კრედიტი დაუფიქსირდეს. ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება და არ აქვს მნიშვნელობა მაღალი ქულებით თუ დაბალი ქულებით. რა თქმა უნდა სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას.
აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან თანამშრომლობით, სადაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელები. როდესაც მმართველმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 100%-ით დაგვეფინანსებინა სასწავლო პროცესი, გავიზიარეთ მოდელი, რაც იმ ქვეყნებშია, სადაც სახელმწიფოს მხრიდან სწავლის დაფინანსება ხდება და გარკვეული ეტაპის შემდეგ ეს უნდა იყოს სასწავლო პროცესის შედეგებზე დაფუძნებული მოცემულობა“, – განაცხადა მიქანაძემ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის და პირობების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა.
სახელმწიფო სწავლას აფინანსებს 100%-ით, მაგრამ ეს დაფინანსება იყოფა ორ 50%-იან ნაწილად.
პრველი 50% (გარანტირებული დაფინანსება): ეს არის უპირობო ნაწილი. თუ სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხება, ამ 50%-ს სახელმწიფო უპირობოდ დაფარავს სწავლის მანძილზე.
მეორე 50% (დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება): პირველი 2 სემესტრი სახელმწიფო ამ 50%-საც უპირობოდ აფინანსებს, მე-3 სემესტრიდან კი ამ 50%-ის შესანარჩუნებლად აუცილებელია, სტუდენტმა სემესტრული კრედიტების არანაკლებ 80% დააგროვოს – მინიმუმ 24 კრედიტი.




































































