ზოგიერთი ადამიანისთვის ფრენა სასიამოვნო პროცესია, ზოგისთვის კი — სტრესისა და შფოთვის წყარო. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ შიშების უმეტესობის განეიტრალება მარტივად შეიძლება — ამისათვის ქვემოთ მოყვანილი ფაქტების გაცნობაც საკმარისია.
ფრენა გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა
ალბათ ერთხელ მაინც გისმენიათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპვის ბევრად მეტი შანსია, ვიდრე ფრენისას. ეს სიმართლეა. ჰარვარდის უნივერსიტეტის რისკების კომუნიკაციის ინსტრუქტორის, დეივიდ როპეიკის თქმით, ავტოკატასტროფაში დაღუპვის შანსი დაახლოებით 5 000-დან 1-ია, ხოლო ავიაკატასტროფაში — 11 მილიონიდან 1.
შედარებისთვის: თქვენი ცხოვრების მანძილზე მეხის დაცემის შანსი დაახლოებით 13 000-დან 1-ს შეადგენს, რაც ავიაკატასტროფაზე ბევრად მაღალი მაჩვენებელია.
თვითმფრინავები ექსპლუატაციაში ჩაშვებამდე ინტენსიურ ტესტირებას გადიან
სანამ თვითმფრინავი ავიაკომპანიას გადაეცემა, ის ხანგრძლივ და მრავალეტაპიან შემოწმებას გადის:
მოწმდება ფრთების დრეკადობა — გამოცდისას მათ ზოგჯერ 90-გრადუსიანი კუთხითაც ღუნავენ. ამისთვის იმაზე ბევრად მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე თვითმფრინავს რეალური ფრენისას ოდესმე განუცდია.
მოწმდება ძრავის გამძლეობა მასში ფრინველის მოხვედრისას.
მოწმდება მუხრუჭები და ყველა ის სისტემა, რაც ხომალდის გამართული მუშაობისთვისაა საჭირო.
შესაძლებელია თუ არა ფრენა და დაჯდომა ძრავის გარეშე?
ყველა კომერციული თვითმფრინავი ვალდებულია აკმაყოფილებდეს სტანდარტს, რაც ერთი ძრავით ფრენის შესაძლებლობას გულისხმობს. თუმცა, ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, თვითმფრინავს სიმაღლიდან კონტროლირებადი დაშვება (პლანირება) შეუძლია. მანძილი, რომელსაც ის ძრავების გარეშე დაფარავს, სიმაღლესა და სიჩქარეზეა დამოკიდებული, თუმცა ეს მანძილი თითქმის ყოველთვის საკმარისია ახლომდებარე აეროპორტში უსაფრთხოდ დასაჯდომად.
ტურბულენტობა საშიში არ არის
ტურბულენტობა არა უსაფრთხოების, არამედ კომფორტის საკითხია. ის უსიამოვნოა, თუმცა ხომალდს საფრთხეს ვერ უქმნის, რადგან თვითმფრინავის სტრუქტურა ამ დატვირთვისთვის წინასწარაა გათვლილი. ამასთან, პილოტებმა ტურბულენტობის შესახებ თითქმის ყოველთვის წინასწარ იციან და ექსტრემალურ ზონებს გვერდს აქცევენ.
ამინდი დაბრკოლებას არ წარმოადგენს
ყველა თანამედროვე თვითმფრინავს წვიმაში, ქარსა და ჭექა-ქუხილშიც კი უსაფრთხოდ ფრენა შეუძლია. პრობლემას არც ნისლი წარმოადგენს — ავტომატური სისტემების წყალობით, ხომალდს აეროპორტში დაჯდომა ნულოვანი ხილვადობის პირობებშიც შეუძლია.





































































