დღეს საკრებულოს სხდომის მიწურულს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატმა კახა ურუშაძემ ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომან ბიწაძეს კითხვით მიმართა, თუ რა რეაგირება მოახდინა ამ კომისიამ დეპუტატ ელგუჯა ჩხაიძის მისამართით, რომელმაც თავის დროზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პუბლიკაციით შეურაცყოფა მიაყენა საკრებულოს წევრებს. ურუშაძემ ასევე ჩხაიძის თანაფრაქციელებს ამ საკითხზე საკუთარი შეხედულების დაფიქსირებაც თხოვა ელგუჯა ჩხაიძის გამონათქვამებთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა, ფრაქცია "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის" წევრები განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ ჩხაიძის გამონათქვამებში, პირიქით გია გოგუაძემ იქეთ მოითხოვა რეაგირება რამდენიმე დღის წინ გამგებლის პირადი მდივნისა და მრჩეველის მიერ, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთა მისამართით სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეურაცმყოფელ კომენტარებზე. ამაზე უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ გამგეობის რეაგირება ჩვენი საქმე არაა, საკრებულოს რეაქცია გვაინტერესებსო.
მოკლედ, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. კერძოდ, კოლეგა ურუშაძეს ბანი აცანისა და სუფსის მაჟორიტარებმაც შეაწიეს. სწორედ აცანის დეპუტატი, ემზარ თევდორაძე იწევდა ჩხაიძისკენ საჩხუბრად. თუმცა, საქმეში დროულად ჩაერთნენ სხვა დეპუტატები და შეძლებისდაგვარად კონფლიქტი ამოწურეს. სხვათა შორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ამ დროისთვის სხდომათა დარბაზი დატოვებული ქონდა. ზაზა ურუშაძე დარბაზიდან მაშინვე გავიდა, როგორც კი მიკროფონთან მისი ძმა, კახა ურუშაძე მივიდა.
ცნობისათის, ჩხაიძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ხსენებულ პუბლიკაციაში გამგეობა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა, ხოლო საკრებულოს რიგი დეპუტატები უმოქმედობის გამო მონებად მონათლა.