სტუდენტების აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დილის 9 საათზე დაიწყო და მას სტუდენტები და მოქალაქეები თანდათან შეუერთდნენ. მოგვიანებით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქციაზე საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტებთან გავიდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და რექტორი. რექტორის განცხადებით, ის იქ დადგება, სადაც სტუდენტები არიან.
მოგვიანებით საგანგებოდ შეიკრიბა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და განცხადება გაავრცელეს:
“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიური საბჭო და ადმინისტრაცია გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. უნივერსიტეტი უერთდება საზოგადოების მოთხოვნას შეიქმნას სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია და დასჯილ იქნას თითოეული დამნაშავე პასუხისმგებელ პირებთან ერთად,” _ ნათქვამია განცხადებაში.
აქციას მოსახლეობის ნაწილიც შეუერთდა. მათი თქმით, ეს არ არის არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ორგანიზებული აქცია და იგი მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას ისახავს მიზნად: “ჩვენ გვინდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც ნახეს ეს შემზარავი კადრები, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები არ შევეგუებით ადამიანების წამებას,” _ განაცხადა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ირაკლი კინწურაშვილმა.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა. “მსურველებს საშუალება აქვთ დაესწრონ ლექციებს. ვისაც უნდა, შეუძლია აქციაზე გასვლა” _ განაცხადა ნინო დოლიძემ.