“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ანა”-ს მეპატრონე, 1963 წელს დაბადებული ბიჭიკო ა. აღნიშნული სასტუმრო 4 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია და დაკავების მომენტში, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა, ასევე ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მირიანი”-ს მფლობელი, 1966 წელს დაბადებული როსტომ მ. დააკავეს. მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
გამოძიების მსვლელობისას, მოწმის სტატუსით, აღნიშნულ სასტუმროებში მყოფი ქალბატონებიც დაიკითხნენ.
ორივე ბრალდებულის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე 254-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როსტომ მ. და ბიჭიკო ა. ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი,” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.