თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისათვის გადადგა. იუსტიციის მინისტრმა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, მას სასამართლოში ძლიერი დაცვის მხარე სჭირდება, რომელიც პროკურატურას რეალურ კონკურენციას გაუწევს.
“ბ-ნ ჰერმანს და ქალბატონ კორკეს ავუხსენი, რომ იუსტიციის სამინისტროს მთავარი მიზანი ისეთი მართლმსაჯულების ხელშეწყობაა, სადაც მხარეებს რეალური თანასწორობა აქვთ, რამაც მათი დადებითი შეფასება გამოიწვია”, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რობერტ ჰერმანი და სიუზან კორკე დაინტერესდნენ ციხის სკანდალისა და გირგვლიანის საქმის გამოძიების მიმიდინარეობით. მათ იუსტიციის მინისტრისგან აღნიშნულ საქმეებზე ბოლო ინფორმაცია მოისმინეს. ამასთან, თეა წულუკიანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთად, ციხეში დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრას.