კანონი თანამდებობის პირებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე ვრცელდება „სახელმწიფო ენის“ შესახებ კანონის გარდა, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც შედის.
კანონპროექტის მიხედვით,თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადებების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა თანამდებობის პირის 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე შემთხვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500-დან 1 500 ლარამდე გაიზრდება.
ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. აღნიშნული ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 200-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500-დან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკურ პირზე ჯარიმის ოდენობა 500-დან 1 500 ლარამდე, იურიდიული პირზე კი – 3 000 ლარამდე ადის.
ამავე კანონპროექტის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ექვემდებარებიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯარიმა პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 10 000 ლარამდე იზრდება.