9 ივლისს უმძიმესი ავარია მოხდა ჩოხატაურის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე _ როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი “მერსედესის” მარკის ყველგანმავალი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ “დაიჰაცუს” მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც “ლიბერთი ბანკის” თანამშრომელი ვაჟა სიხარულიძე მართავდა. შეჯახებისა და გადავარდნის შედეგად “მერსედესს” ცეცხლი გაუჩნდა; მძიმედ დაშავდნენ ავტომანქანების მძღოლები და “მერსედესის” მგზავრი.
დაშავებულები ჯერ ჩოხატაურის კლინიკებში გადაიყვანეს, გვიან ღამით კი მათი ჰოსპიტალიზაცია მოხდა ქუთაისის კლინიკებში, სადაც, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “გურია ნიუსთან” თვითმხილველები იხსენებენ.
მათი თქმით, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
“წამებში გამოვასწარი, თორემ გამსრესდა. ასეთი არაფერი მინახავს. ჯერ მანქანას დაეჯახა, მერე ხეზე გავარდა და ხევში გადაიჩეხა”, _ ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი.
“რეგულაციები თუ არ გამკაცრდა, ასეთ მოქმედებას მძიმე სასჯელი თუ არ დაედო, არაფერი შეიცვლება. სად გვყავს დასაკარგი ბიჭები?! აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კანონი. დაჰქრიან თავქუდმოგლეჯილები! ბავშვები დადიან ქუჩაში, მოხუცები გადადიან… ისედაც ვიწრო ქუჩაა, თანაც ხალხმრავალი. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩნენ, თუ ერქმევათ გადარჩენილები”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” თვითმხილველები.
რეგულაციების გამკაცრებასა და გზებზე შემზღუდავი ბარიერების დაყენებას ითხოვენ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ის ადამიანებიც, რომლებიც შემთხვევას არ შესწრებიან.
“მაინცდამაინც ვინმე უნდა დაიღუპოს, ამაზე მეტად ტრაგიკულად დასრულდეს შემთხვევა, რომ ყურადღება მიაქციონ?! მარტო ამ ქუჩაზე კი არა, ზოგადად. საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც კი არ აქცევს ყურადღებას დიდი სიჩქარით მიმავალ მანქანას. მიჰქრიან მანქანები, ესენი ისე მიყვებიან უკან, თითქოს ვერც ამჩნევდნენ.
რამდენიმე დღის წინ შევესწარი “მარშრუტკით” “დრიფტაობდა” ვიღაც საბავშვო ბაღის წინ. რა ჰქვია ამას, რა უპასუხისმგებლობაა, ვერ ვხვდები!
ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე თავისი წილი პასუხისმგებლობა და მოწესრიგდეს ეს საქმე!
ჩვენივე შვილების ჯანმრთელობისთვის, მათი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია, კანონმდებლობა ასეთი მძღოლების მიმართ გამკაცრდეს. გზებზე დაემატოს საგზაო ნიშნები, გაკეთდეს ხელოვნური ბარიერები”, _ ამბობენ ჩოხატაურელები “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კითხვით, გარდა მძღოლისა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გზაზე გადაჭარბებული სიჩქარის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებზე და რა შეიძლება გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად ან მსგავსი შემთხვევების შესამცირებლად, “გურია ნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, მუნიციპალიტეტს შეუძლია დააყენოს დამატებითი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.
“საგზაო ნიშნებსა და დამატებით შემზღუდავ ბარიერებს გზებზე აყენებს მუნიციპალიტეტი”, _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.
იმავე კითხვით “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერსაც მიმართა.
როგორც მერიის პრესსამსახურიდან მიღებული პასუხით ხდება ცნობილი, მერია ამ ეტაპისთვის გზებზე რაიმე დამატებითი შემზღუდავი, ხელოვნური ბარიერის დაყენებას არ გეგმავს.
“კამერები ჩართულია, საგზაო ნიშნები განთავსებულია. სხვა ხელოვნური ბარიერების შექმნა ამ ეტაპზე არ იგეგმება”, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
თუმცა, ვინ ახდენს რეაგირებას ჩართული კამერების ჩანაწერებზე ან საგზაო ნიშნების უგულებელყოფაზე, ამაზე პასუხი არც ერთ უწყებას არ აქვს.
“გურია ნიუსი” არაერთხელ ესაუბრა საპატრულო თუ ადგილობრივი პოლიციის ეკიპაჟის წევრებს ამ საკითხზე. ისინი ოფიციალურად არაფერს ამბობენ, თუმცა, კერძო საუბრებში გვეთანხმებიან, რომ მძღოლები წესრიგს ნამდვილად არღვევენ, მაგრამ პასუხს კითხვაზე, რატომ არ ისჯება კანონდამრღვევი, თავს არიდებენ.
გარდა უზომოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა, მძღოლები საგზაო ნიშნებსაც არად აგდებენ _ “გურია ნიუსის” ოფისის წინ არსებულ ზებრაგადასასვლელზე, ფეხით მოსიარულეთა გადასვლის დროს, არათუ აჩერებენ ავტომანქანას ან სიჩქარეს უკლებენ, არამედ უმატებენ კიდეც. ზოგი, შენიშვნაზე, რომ ზებრაგადასასვლელზე მანქანა უნდა გააჩერონ, შეურაცხყოფასაც არ ერიდება. იყო შემთხვევა, როცა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც გადასასვლელზე გადადიოდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანამ კინაღამ გაიტანა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას უკან პოლიციის ეკიპაჟი მოყვებოდა, რომელსაც ამ დარღვევაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ჩვენ ეს ეკიპაჟი გავაჩერეთ და ვკითხეთ, რატომ არ აჯარიმებენ წესრიგის დამრღვევს. პოლიციელებმა პასუხს თავი ისევ აარიდეს და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ აქ ბარიერი გაკეთდებოდა, რაც, მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების საქმეა.
სანამ ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავები გადაწყვეტენ, რა ზომები უნდა მიიღონ გათავხედებული მძღოლების შესაკავებლად და დასასჯელად, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია!
ავტორი: ნინო ბერძენიშვილი