4 ივლისს, მწერალ გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეს, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემიის — „ახალი ქართული მოთხრობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების საღამო გაიმართა. ნომინაციაში „რჩეული დებიუტი“, ნაწარმოებისთვის „იქ, სადაც გემები არ მიდიან“, პრემიის ლაურეატი ოზურგეთელი ახალგაზრდა ავტორი, არჩილ ხომერიკი გახდა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონკურსში პრემიები ორ ძირითად ნომინაციაში გაიცა: „რჩეული მოთხრობა“ და „რჩეული დებიუტი“. გარდა ამისა, ჟიურის გადაწყვეტილებით, დაწესდა საგანგებო ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, სადაც დამატებით ორი მწერალი დაჯილდოვდა.
წლის ლაურეატების სრული სია ასე გამოიყურება:
ელენე ხარაზიშვილი — ნომინაცია „რჩეული მოთხრობა“, ნაწარმოებისთვის „ბროწეულის ხეები“;
არჩილ ხომერიკი — ნომინაცია „რჩეული დებიუტი“, ნაწარმოებისთვის „იქ, სადაც გემები არ მიდიან“;
ნიკოლოზ გაბუნია — ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, მოთხრობისთვის „შამშირი“;
ილია ჭანტურია — ნომინაცია „ჟიურის რჩეული ავტორი“, მოთხრობისთვის „ეს ჩვენი მწვანე მინდორი“.
გამარჯვებულმა ავტორმა, არჩილ ხომერიკმა ჩვენთან საუბრისას პირველი ემოციები გააზიარა და აღნიშნა, რომ პრემია მისთვის მოულოდნელი იყო:
„პირველ რიგში, დიდი მოულოდნელობა იყო, არ ველოდი ამ გამარჯვებას — ღონისძიებაზე უბრალოდ დასასწრებად მივედი. პირველი ემოციებიც შესაბამისი იყო. უდიდესი მოტივაციაა ჩემთვის ეს აღიარება. ვფიქრობ, ამგვარი პროექტები ქართველ ახალგაზრდებში მწერლობის პოპულარიზაციისთვის საუკეთესო წახალისებაა. ვეცდები, კიდევ ბევრი გავაკეთო.
ჩემს წარმატებაში უდიდესი წილი მიუძღვის ჩემს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაია ღლონტს, რომელმაც მიბიძგა, საკუთარ თავში წერის შესაძლებლობა მეპოვნა”,_ თქვა არჩილ ხომერიკმა.
ახალგაზრდა მწერალს ლიტერატურულ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება მანამდეც ჰქონდა. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის“ პროექტის, „ღამე ბიბლიოთეკაში“ ერთ-ერთი გამარჯვებული, რის შედეგადაც მისი პროზაული ნამუშევარი წიგნად გამოიცა. ასევე, რამდენიმე წლის წინ, მეექვსე საავტორო სკოლის პროექტ „ამირანში“ (რომელიც გარდაცვლილი პოეტის, ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა) გამარჯვების შემდეგ, მისი ლექსები კრებულში დაიბეჭდა.
არჩილ ხომერიკის წარმატებას ჩვენთან საუბრისას მისი ქართულის მასწავლებელი, მაია ღლონტიც გამოეხმაურა. პედაგოგის თქმით, ეს გამარჯვება ახალგაზრდა ავტორისთვის სრულიად კანონზომიერია:
„აჩი ხომერიკის გამარჯვება გურამ რჩეულიშვილის პრემიაზე ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს მისი შემოქმედებითი ევოლუციის სრულიად კანონზომიერი და დამსახურებული გვირგვინია. აჩი მოსწავლეობის პერიოდიდანვე გამორჩეული იყო — იგი ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტია და არაჩვეულებრივ თხზულებებს წერდა. იყო საყმაწვილო პრემია ‘ამირანის’ ერთ-ერთი გამარჯვებულიც, ოღონდ პოეზიის ნომინაციაში. სწორედ პოეტური ხედვისა და პროზაული სიმწიფის სინთეზია მისი მოთხრობა ‘იქ, სადაც გემები არ მიდიან’.
როდესაც გამარჯვებულმა პირველად მე დამირეკა და ეს ამბავი მაცნობა, კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის უდიდესი პედაგოგიური და ადამიანური ბედნიერება, რასაც ნიჭიერი მოსწავლის ასეთი მასშტაბური აღიარება ჰქვია. რჩეულიშვილის პრემია თავისუფალი და თამამი სულისკვეთების ნიშანია, აჩი კი ზუსტად ასეთი, გამბედავი და საკუთარი ხელწერის მქონე შემოქმედია, რომლის ლიტერატურული გზაც ახლა იწყება”,_ გვითხრა მაია ღლონტმა.
ავტორი
































































