განათლების მინისტრი გივი მიქანაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებას, რომ სკოლებში „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი“ შესაძლოა საგაკვეთილო მრავალფეროვნებას ზღუდავდეს.
მინისტრის განცხადებით, ეს მიდგომა პედაგოგებს საფრთხეს არ უქმნის, რადგან მათ სრული მოქმედების თავისუფლება უნარჩუნდებათ:
„მასწავლებელს ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, უფლება აქვს დამატებით რესურსად გამოიყენოს მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მასალა. ამ კუთხით მასწავლებელს სრული აკადემიური თავისუფლება აქვს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
განათლების ექსპერტებისა და პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული სახელმძღვანელოების გაუქმება კლასში კრიტიკულ აზროვნებასა და პლურალიზმს შეამცირებს, რის საპასუხოდაც სამინისტრო აცხადებს, რომ დამხმარე მასალების გამოყენებაზე შეზღუდვა არ წესდება.




































































